თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და საკონსულტაციო-აუდიტორული კომპანია „იგალ“-ის დირექტორმა მალხაზ უჯმაჯურიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ხელშეკრულების თანახმად, კომპანია „იგალ“-ი უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ხელს შეუწყობს პროფესიული პრაქტიკის, სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობის მოძიებაში, აგრეთვე, პროფესიული უნარების განვითარებაში, რაც საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული პრაქტიკის სხვადასხვა პოზიციაზე გავლას გულისხმობს. წელიწადში თსუ-ის არანაკლებ 10 სტუდენტი გაივლის სტაჟირებას კომპანია „იგალ“-ში.
„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკით გამყარებას. ამიტომ მივესალმებით წარმატებულ აუდიტორულ კომპანიასთან თანამშრომლობას. ეს თანამშრომლობა ჩვენს სტუდენტებს მისცემს იმ პრაქტიკული უნარების შეძენის შესაძლებლობას, რაც აუცილებელია პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის. თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ყველაზე წარმატებულია საქართველოში ამ მიმართულების ფაკულტეტებს შორის. ნამდვილად გვიხარია, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები, დოქტორანტები უკვე სხვა სასწავლებლებში ასწავლიან. ეს კიდევ ერთხელ ამართლებს თსუ-ის ერთ-ერთ ძირითად მისიას - ცოდნისა და განათლების გაზიარებას,“- განაცხადა თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ.
„ძალიან დაინტერესებული ვართ თსუ-სთან ურთიერთობით. ჩვენს კომპანიას მდიდარი გამოცდილება დაგვიგროვდა როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული კუთხით. მზად ვართ გვერდში დავუდგეთ ახალგაზრდებს კარიერულ წინსვლაში. ამავე დროს, ვიმედოვნებთ, რომ შემდგომში ჩვენს კომპანიაშიც დავასაქმებთ წარმატებულებს, რადგან ამ სფეროში კარგი სპეციალისტის მოძიება დიდი პრობლემაა,“- აღნიშნა კომპანია „იგალ“-ის დირექტორმა მალხაზ უჯმაჯურიძემ.
მემორანდუმი ითვალისწინებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებით თანამშრომლობასაც.
ღონისძიებას თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე მანანა ლობჟანიძე, პროფესორი ლევან საბაური და შპს „იგალ“-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომპანია „იგალ“ ორ ათეულ წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. 2024 წლიდან კი საერთაშორისო კომპანია IR GLOBAL-ის ოფიციალური წევრი და წარმომადგენელია საქართველოში.